„მე არაფერი დამიშავებია, ამიტომ ადვოკატი არ მჭირდება.“
ეს ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და, ამავე დროს, ყველაზე სახიფათო შეცდომაა, რომელიც ადამიანს სისხლის სამართლის საქმესთან შეხებისას შეუძლია დაუშვას.
ლოგიკა ერთი შეხედვით მარტივია: თუ დანაშაული არ ჩამიდენია, გამოძიება ამას დაადგენს, სასამართლოც დაინახავს და საბოლოოდ პრობლემა არ შემექმნება. მაგრამ სისხლის სამართლის პროცესი ასე არ მუშაობს. უდანაშაულობა თავისთავად არ წარმოადგენს გარანტიას იმისა, რომ ადამიანი არ გახდება ბრალდებული და, სამწუხაროდ, არც იმის გარანტიას, რომ საბოლოოდ არ იქნება მსჯავრდებული.
ამის მიზეზი მარტივია: სასამართლო წარსულში არ ბრუნდება.
მოსამართლე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. იქ არც პროკურორი ყოფილა და, როგორც წესი, არც ადვოკატი. სასამართლოს არ შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს, სინამდვილეში რა მოხდა რამდენიმე თვის ან რამდენიმე წლის წინ. წარსულში მომხდარი მოვლენის აღდგენის ერთადერთი სამართლებრივი გზა მტკიცებულებებია.
სწორედ აქ იწყება განსხვავება რეალურ და პროცესუალურ ჭეშმარიტებას შორის.
სასამართლო განიხილავს არა იმას, რაც თქვენ იცით, არამედ იმას, რისი დამტკიცებაც შესაძლებელია
ადამიანმა შეიძლება ზუსტად იცოდეს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მან შეიძლება იცოდეს, სად იმყოფებოდა კონკრეტულ დროს, ვის შეხვდა, რა უთხრა სხვა ადამიანს, რატომ განახორციელა კონკრეტული მოქმედება და რეალურად როგორ განვითარდა მოვლენები.
მაგრამ სასამართლოსთვის ადამიანის შინაგანი ცოდნა მტკიცებულება არ არის.
სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც საქმეში კანონით დადგენილი წესით მოხვდა, დასაშვებია და სასამართლო სხდომაზე სათანადოდ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც სწორედ მტკიცებულებით მოდელს ეფუძნება. კოდექსის 39-ე მუხლი ბრალდებულს პირდაპირ ანიჭებს უფლებას, თვითონ ან ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულებები და ადგენს, რომ დაცვის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
ამიტომ სისხლის სამართლის საქმეში გადამწყვეტი კითხვა ყოველთვის არ არის მხოლოდ: რა მოხდა სინამდვილეში?
არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე კითხვაც: რისი დამტკიცება შეგვიძლია და როგორ?
შესაძლებელია ადამიანი მართლაც უდანაშაულო იყოს, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა სრულიად სხვა სურათს ქმნიდეს. მოწმე შეიძლება ცდებოდეს. ვიდეოჩანაწერი შეიძლება მხოლოდ მოვლენის ნაწილს ასახავდეს. სატელეფონო კომუნიკაცია შეიძლება კონტექსტიდან იყოს ამოღებული. კონკრეტულ ადგილზე ადამიანის ყოფნა შეიძლება სწორად იყოს დადგენილი, მაგრამ არასწორად იყოს ახსნილი მისი იქ ყოფნის მიზეზი. ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება ეფუძნებოდეს არასრულ ან არასათანადო მასალას.
ცალკეული ფაქტი შეიძლება სრულიად ნამდვილი იყოს და მაინც მცდარ დასკვნამდე მიგვიყვანოს.
სწორედ ამიტომ უდანაშაულობა და ეფექტიანი დაცვა ერთმანეთის ალტერნატივა არ არის.
შეიძლება გქონდეთ გამამართლებელი მტკიცებულება და მაინც ვერ გამოიყენოთ იგი
არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ადამიანი იურიდიული გამოცდილების გარეშე ხშირად საერთოდ ვერ ხედავს.
საკმარისი არ არის მტკიცებულების არსებობა. საჭიროა მისი სწორად მოპოვება, შენარჩუნება, წარმომავლობის დადგენა და პროცესუალურად გამართულად საქმეში შეტანა(დამაგრება).
წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდების ვერსიის საწინააღმდეგოდ თქვენ კონკრეტულ დროს სხვა ადგილას იმყოფებოდით. ან გაქვთ ელექტრონული მიმოწერა, აუდიოჩანაწერი, დოკუმენტი, ფოტოსურათი ან სხვა მონაცემი, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მეტყველებს.
ადამიანს ბუნებრივად შეიძლება ეგონოს: „ეს ხომ ყველაფერს ამტკიცებს.“
მაგრამ სისხლის სამართლის პროცესში შემდეგი კითხვა იქნება: საიდან არის ეს მასალა? როგორ იქნა მოპოვებული? ვინ მოიპოვა? არის თუ არა შესაძლებელი მისი ავთენტიკურობის დადგენა? დაცულია თუ არა შესაბამისი საპროცესო მოთხოვნები? შესაძლებელია თუ არა იმის დადასტურება, რომ მასალა არ შეცვლილა?
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლი არეგულირებს მტკიცებულების დაუშვებლობის საკითხს. ამავე მუხლის მიხედვით, მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ, ხოლო დაუშვებელი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება. კოდექსი ცალკე მნიშვნელობას ანიჭებს მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის, არსებითი შეცვლის ან მასზე არსებული კვალის გაქრობის საკითხსაც.
ამიტომ შესაძლებელია არსებობდეს მტკიცებულება, რომელიც ფაქტობრივად ადასტურებს ადამიანის უდანაშაულობას, მაგრამ მისი მოპოვების ან საქმეზე დამაგრების დაშვებული შეცდომის გამო დაცვის მხარემ საერთოდ ვეღარ შეძლოს მისი გამოყენება.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული მტკიცებულებების შემთხვევაში. ვიდეოჩანაწერები შეიძლება წაიშალოს. ელექტრონული მონაცემები შეიძლება შეიცვალოს. ტელეფონში არსებული ინფორმაცია შეიძლება დაიკარგოს. ადამიანმა შეიძლება შეინახოს მხოლოდ ეკრანის ფოტო მაშინ, როდესაც საჭირო იყო მონაცემის პირველწყაროს შენარჩუნება. მოწმეებმა დროთა განმავლობაში შეიძლება მნიშვნელოვანი დეტალები დაივიწყონ.
ამიტომ მტკიცებულების „ქონა“ და სასამართლოში გამოსაყენებელი მტკიცებულების ქონა ერთი და იგივე არ არის. თქვენივე ტელეფონში არსებული ინფორმაციის საქმეზე დამაგრება საკმაოდ რთულ პროცესუალურ მოქმედებებთან არის დაკავშირებული.
რატომ არის გამოძიების ეტაპი კრიტიკულად მნიშვნელოვანი
ხშირად ადამიანს ადვოკატი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე უკვე სასამართლოშია.
ეს შეიძლება ძალიან გვიან იყოს.
დაცვის ეფექტიანობა ხშირად სწორედ გამოძიების პირველ დღეებსა და კვირებში წყდება. ამ დროს იქმნება ბრალდების ძირითადი ვერსია, იკრიბება მტკიცებულებები, იკითხებიან ადამიანები, ინიშნება ექსპერტიზები, მოიპოვება ვიდეოჩანაწერები და ელექტრონული ინფორმაცია.
ამავე პერიოდში უნდა მუშაობდეს დაცვაც.
ადვოკატის ფუნქცია არ არის მხოლოდ გამომძიებლის მიერ ჩატარებულ მოქმედებებზე დაკვირვება. დაცვის მხარეს თავად აქვს მტკიცებულებების მოპოვების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს არა მხოლოდ ადვოკატის დახმარებით მტკიცებულების მოპოვებას, არამედ შესაძლებლობასაც, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე კონკრეტულ საპროცესო მოქმედებას დამოუკიდებლად ვერ ატარებს, შესაბამისი განჩინების მისაღებად სასამართლოს მიმართოს.
კარგმა ადვოკატმა ამიტომ თავიდანვე უნდა დასვას კითხვები: რა მტკიცებულება არსებობს დაცვის სასარგებლოდ? სად შეიძლება მისი მოძიება? არსებობს თუ არა მისი დაკარგვის საფრთხე? ვისგან უნდა იქნას გამოთხოვილი ინფორმაცია? რომელი მოწმე უნდა გამოიკითხოს? საჭიროა თუ არა ექსპერტის ჩართვა? რა უნდა გაკეთდეს დღეს, რადგან რამდენიმე თვის შემდეგ ამის გაკეთება უკვე შეუძლებელი იქნება?
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უდანაშაულო ადამიანის შემთხვევაში. მას ხშირად აქვს განცდა, რომ თავად გამოძიება მოძებნის ყველაფერს, რაც მის უდანაშაულობას ადასტურებს.
ამის იმედად დარჩენა არათუ სახიფათოა, არამედ სიბრიყვეც არის!
„მე სიმართლეს ვიტყვი“ ყოველთვის საკმარისი არ არის
კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა რწმენა, რომ თუ ადამიანი სიმართლეს ამბობს, ვერაფერი დაუშავდება.
პრობლემა ისაა, რომ ადამიანის მონათხრობიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად ფასდება.
სტრესის ქვეშ ადამიანი შეიძლება შეცდეს დროში, არასწორად გაიხსენოს უმნიშვნელო დეტალი, რაღაც გამოტოვოს ან სხვადასხვა დროს ერთი და იგივე მოვლენა ოდნავ განსხვავებულად აღწეროს. რამდენიმე თვის შემდეგ ასეთი განსხვავებები შეიძლება უკვე წინააღმდეგობად იქნეს წარმოდგენილი.
გარდა ამისა, ადამიანმა შეიძლება თქვას სრულიად სწორი ფაქტი, მაგრამ ვერ გაითვალისწინოს, რა მნიშვნელობას შეიძენს ეს ფაქტი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
ამიტომ ადვოკატის დახმარება არ ნიშნავს ადამიანისათვის „სწორი პასუხების“ სწავლებას. მისი ფუნქციაა, ადამიანმა იცოდეს საკუთარი უფლებები, გაიაზროს პროცესუალური მდგომარეობა და არ მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ ემოციის, შიშის ან იმ მცდარი რწმენის საფუძველზე, რომ „თუ უდანაშაულო ვარ, ცუდი არაფერი შეიძლება მოხდეს“.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეში Salduz v. Turkey [GC], no. 36391/02, 27 November 2008, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ადვოკატის დახმარების მნიშვნელობას სისხლის სამართლის პროცესის ადრეულ ეტაპზე. სასამართლოს მიდგომის არსი სწორედ ისაა, რომ ადრეულ ეტაპზე დაშვებულმა დარღვევამ შეიძლება დაცვის უფლება ისეთი ხარისხით დააზიანოს, რომ მოგვიანებით ადვოკატის ჩართვამ ეს ზიანი ვეღარ გამოასწოროს.
მტკიცებულების მოპოვება მხოლოდ ნახევარი საქმეა
სასამართლოში საქმის შეტანის შემდეგ იწყება მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი: მტკიცებულებების გამოკვლევა.
შეიძლება საქმეში არსებობდეს ათეულობით მოწმის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერი, სატელეფონო მონაცემები და დოკუმენტები. მაგრამ მათი არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათი შინაარსი სწორად იქნება გაგებული.
სწორედ აქ ხდება გადამწყვეტი ადვოკატის პროფესიული გამოცდილება.
მოწმის ჯვარედინი დაკითხვის დროს ერთი ზუსტად დასმული კითხვა ზოგჯერ აჩვენებს იმას, რასაც რამდენიმე გვერდიანი ჩვენება ფარავდა. ექსპერტის დაკითხვამ შეიძლება გამოავლინოს მეთოდოლოგიური ხარვეზი, რომელიც დასკვნის წაკითხვისას თვალსაჩინო არ იყო. ვიდეოჩანაწერის დეტალურმა ანალიზმა შეიძლება აჩვენოს, რომ ჩანაწერი მხოლოდ მოვლენის ფრაგმენტს ასახავს. სხვადასხვა მტკიცებულების ქრონოლოგიურად დალაგებამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს მათი აღქმა.
სასამართლოში მტკიცებულების გამოკვლევა ამიტომ ტექნიკური პროცედურა არ არის. სწორედ ამ დროს იქმნება საბოლოო სურათი, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
და სწორედ აქ ჩანს გამოცდილი ადვოკატის მნიშვნელობა ყველაზე მკაფიოდ: არა მხოლოდ რა მტკიცებულება გაქვს, არამედ როგორ შეგიძლია მისი მნიშვნელობის ჩვენება სასამართლოსთვის და როგორ შეგიძლია მეორე მხარის მტკიცებულების რეალური სანდოობის შემოწმება.
უდანაშაულობა დაცვას არ ცვლის
უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის პროცესის ფუნდამენტური პრინციპია. მაგრამ იგი არ ნიშნავს, რომ უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ბრალდება ვერასოდეს იქნება წარდგენილი, რომ გამოძიება ვერ შეცდება ან რომ სასამართლოს წინაშე რეალური მოვლენები ავტომატურად აღდგება.
სისხლის სამართლის საქმე წარსულში მომხდარი მოვლენის რეკონსტრუქციაა მტკიცებულებების საშუალებით.
სასამართლოს წინაშე არსებობს არა უშუალოდ წარსული, არამედ მისი კვალი: ადამიანების მოგონებები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, დოკუმენტები, ექსპერტიზის შედეგები, ნივთიერი და ციფრული მტკიცებულებები.
თუ ეს კვალი არასრულად იქნა მოძიებული, არასწორად იქნა შენარჩუნებული, პროცესუალურად გაუმართავად იქნა საქმეში შეტანილი ან სასამართლოში არასათანადოდ იქნა გამოკვლეული, მიღებული სურათი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს იმისგან, რაც სინამდვილეში მოხდა.
სწორედ ამიტომ ფრაზა „მე უდანაშაულო ვარ და ადვოკატი არ მჭირდება“ უსაფრთხოების განცდას ქმნის იქ, სადაც უსაფრთხოების გარანტია რეალურად არ არსებობს.
უდანაშაულობა ფაქტია. მისი დამტკიცება კი პროფესიული სამართლებრივი სამუშაოა.
და რაც უფრო ადრე იწყება ეს სამუშაო, მით მეტია შესაძლებლობა, რომ სასამართლომდე მივიდეს არა შემთხვევით ჩამოყალიბებული სურათი, არამედ ის მტკიცებულებები, რომლებიც რეალურად მომხდარს ასახავს.
წყაროები / References
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლები 13, 38, 39, 72 და სხვა შესაბამისი დებულებები, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
- European Court of Human Rights, Salduz v. Turkey [GC], Application no. 36391/02, Judgment of 27 November 2008. ECHR, Salduz v. Turkey




