სისხლის სამართლის საქმეებში პოლიციელის ჩვენება ხშირად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. თუმცა ჩნდება უფრო რთული კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანი დამნაშავედ იქნეს ცნობილი მაშინ, როდესაც მის წინააღმდეგ ფაქტობრივად მხოლოდ პოლიციელის სიტყვა არსებობს?
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მიხედვით, არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს. შესაბამისად, პოლიციელის ჩვენებას მხოლოდ მისი სამსახურებრივი სტატუსის გამო სხვა მოწმის ჩვენებაზე მეტი მტკიცებულებითი ძალა ვერ ექნება.
განსაკუთრებით პრობლემურია შემთხვევა, როდესაც თავად პოლიციელი მონაწილეობდა იმ მოვლენაში, რომლის შესახებაც შემდეგ სასამართლოს აძლევს ჩვენებას.
მაგალითად, პოლიციელი აცხადებს, რომ დაინახა, როგორ გადააგდო პირმა ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებული ამას უარყოფს. არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, დამოუკიდებელი მოწმე ან სხვა ობიექტური მტკიცებულება. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს წინაშე ფაქტობრივად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია რჩება.
რატომ უნდა ჩაითვალოს პოლიციელის ვერსია ავტომატურად უფრო სანდოდ?
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საკითხზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქმეში Navalnyy and Yashin v. Russia. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების ერთადერთი მოწმეები თავად ის პოლიციელები იყვნენ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სადავო მოვლენებში.
სტრასბურგის სასამართლოს პოზიციით, ასეთ ვითარებაში ეროვნულმა სასამართლომ უნდა გამოიყენოს ყველა გონივრული შესაძლებლობა პოლიციელთა მამხილებელი ჩვენებების სანდოობის გადასამოწმებლად. სასამართლომ ეს მოთხოვნა დაუკავშირა ბრალდების მიერ ბრალის დამტკიცების ვალდებულებასა და პრინციპს in dubio pro reo, რომლის მიხედვითაც გადაუჭრელი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
ეს არ ნიშნავს, რომ პოლიციელის ჩვენება არასანდოა ან რომ მხოლოდ ერთი მოწმის არსებობა ავტომატურად გამორიცხავს გამამტყუნებელ განაჩენს. საკითხი სხვაგვარად დგას: პოლიციელის სტატუსი მის სიტყვას არც განსაკუთრებულ მტკიცებულებით ძალას და არც სანდოობის პრეზუმფციას ანიჭებს.
ამიტომ სასამართლოს მსჯელობა არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კითხვას: „რატომ უნდა მოეტყუებინა პოლიციელს?“
სისხლის სამართლის პროცესში მთავარი კითხვა სხვაა:
დაამტკიცა თუ არა ბრალდებამ ადამიანის ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა?
თუ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სასამართლოს მხოლოდ პოლიციელის სადავო და ობიექტური მტკიცებულებებით გადაუმოწმებელი ჩვენება აქვს, მისი შეფასება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ადამიანის თავისუფლება ვერ დაეფუძნება მხოლოდ იმ ვარაუდს, რომ სახელმწიფო მოხელე სიმართლეს ამბობს.




