საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების აუცილებელი საფუძველია, მაგრამ შეუძლია თუ არა სასამართლოს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა მაშინ, როდესაც საზოგადოებას უკვე გამოტანილი აქვს საკუთარი განაჩენი?
როდესაც საზოგადოება გახმაურებული დანაშაულის შესახებ იგებს, მას იშვიათად აქვს მოთმინება, დაელოდოს გამოძიების დასრულებას, მტკიცებულებების გამოკვლევას ან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. პირველივე წუთებიდან იწყება დამნაშავის ძიება, ვრცელდება ემოციური შეფასებები და იქმნება მყარი წარმოდგენა იმის შესახებ, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე. თანამედროვე სამყაროში ეს პროცესი იმდენად სწრაფია, რომ ხშირად საზოგადოებრივი „განაჩენი“ ბევრად ადრე დგება, ვიდრე სასამართლო სხდომა საერთოდ ჩაინიშნება.
ეს მხოლოდ ქართული რეალობა არ არის. ციფრულ ეპოქაში სოციალური ქსელები, საინფორმაციო არხები და ონლაინმედია საზოგადოების რეაქციას წამებში აყალიბებს. თუმცა საქართველოში ამ პროცესს განსაკუთრებული სიმძაფრე აქვს. მცირე საზოგადოება, მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია, ტელევიზიის კვლავ ძლიერი გავლენა და სოციალური ქსელების უკიდურესი აქტიურობა ქმნის გარემოს, სადაც თითქმის ყოველი გახმაურებული საქმე საზოგადოებრივ დაპირისპირებად იქცევა. ასეთ ვითარებაში მართლმსაჯულების წინაშე ჩნდება რთული კითხვა: შეუძლია თუ არა სასამართლოს, დარჩეს მხოლოდ კანონისა და მტკიცებულებების ერთგული მაშინ, როდესაც საზოგადოება უკვე პასუხს ითხოვს?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: დემოკრატია და მართლმსაჯულება ერთი და იმავე პრინციპით არ ფუნქციონირებს.
დემოკრატიული მმართველობა უმრავლესობის ნებაზეა დაფუძნებული. არჩევნებში იმარჯვებს ის, ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს. პოლიტიკა საზოგადოების განწყობებზე რეაგირებს, რადგან მისი ლეგიტიმაცია სწორედ საზოგადოების ნებიდან მომდინარეობს.
სასამართლოს შემთხვევაში კი მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია.
სასამართლოს დანიშნულება არ არის საზოგადოების სურვილის შესრულება. მისი დანიშნულებაა კანონის გამოყენება კონკრეტულ საქმეზე, მიუხედავად იმისა, რამდენად პოპულარული ან არაპოპულარული იქნება ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ არსებობს ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია, მტკიცების ტვირთი, შეჯიბრებითობა და დამოუკიდებელი სასამართლო. ისინი შეიქმნა არა იმისთვის, რომ საზოგადოებას დაეთანხმონ, არამედ იმისთვის, რომ ემოციამ ვერ ჩაანაცვლოს სამართალი.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის პროცესში, სადაც ხშირად ყველაზე ძლიერი საზოგადოებრივი მოთხოვნა არა სიმართლის დადგენა, არამედ დასჯაა. მძიმე დანაშაულის, ძალადობის ან ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ საზოგადოების ემოციური რეაქცია ბუნებრივია. დაზარალებულის მიმართ თანაგრძნობა და დანაშაულის დაგმობა ნორმალური ადამიანური განცდებია. მაგრამ სწორედ აქ იწყება მართლმსაჯულების ყველაზე დიდი გამოცდა: შეუძლია თუ არა სასამართლოს, ემოციის ნაცვლად მხოლოდ მტკიცებულებებს დაეყრდნოს?
სამართლის ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე მძიმე შეცდომები ხშირად სწორედ მაშინ დაშვებულა, როდესაც სასამართლო საზოგადოებრივი მოლოდინის ტყვეობაში აღმოჩნდა. ამიტომ დამოუკიდებელი სასამართლო არ იქმნება იმისთვის, რომ უმრავლესობის სურვილი ავტომატურად აღასრულოს. იგი არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას კანონი მაშინაც კი, როდესაც ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს.
საზოგადოებრივი აზრი და ადამიანის ფსიქოლოგია
ადამიანს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება, სწრაფად შეაფასოს მოვლენები და რაც შეიძლება მალე ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია. ეს მხოლოდ ხასიათის თვისება არ არის ეს ადამიანის ფსიქოლოგიის ნაწილია. გაურკვევლობა დისკომფორტს იწვევს, ხოლო სწრაფი პასუხი სიმშვიდის განცდას ქმნის. სწორედ ამიტომ ადამიანები ხშირად ჯერ აკეთებენ დასკვნას და მხოლოდ შემდეგ იწყებენ ფაქტების შერჩევას, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებულ აზრს ამყარებს.
ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - პირველი შთაბეჭდილების ძალა. თუ პირველი ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება იღებს, ბრალდებულს დამნაშავედ წარმოაჩენს, შემდგომში მისი შეცვლა უკიდურესად რთულია, მაშინაც კი, თუ მოგვიანებით სრულიად განსხვავებული მტკიცებულებები გამოვლინდება. სწორედ ამიტომ სისხლის სამართლის პროცესში უდანაშაულობის პრეზუმფცია მხოლოდ სამართლებრივი პრინციპი კი არა, ადამიანის ბუნების წინააღმდეგ შექმნილი დამცავი მექანიზმიც არის.
საქართველოში ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა. საკმარისია გახმაურებულ საქმეზე გავრცელდეს დაკავების კადრები ან მოკლე ინფორმაცია, რომ რამდენიმე საათში სოციალური ქსელები და კომენტარების ველები სავსეა კატეგორიული შეფასებებით. უმრავლესობა საქმის მასალებს არ იცნობს, არც ბრალდების მტკიცებულებები უნახავს და არც დაცვის პოზიცია მოუსმენია, თუმცა უკვე დარწმუნებულია, რომ იცის, რა მოხდა და როგორი უნდა იყოს საბოლოო შედეგი.
ქართული რეალობა: როდესაც სასამართლო იწყება სასამართლომდე
საქართველოში გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე იშვიათად ვითარდება მხოლოდ სასამართლოს დარბაზში. პრაქტიკაში ის ბევრად ადრე იწყება - ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, Facebook-ის პოსტებში, TikTok-ის ვიდეოებში და ათასობით კომენტარში.
ხშირად საკმარისია რამდენიმე წამიანი ვიდეო, ერთი სათაური ან ფრაგმენტულად გავრცელებული ინფორმაცია, რომ საზოგადოებამ უკვე საბოლოო დასკვნა გამოიტანოს. არავინ ელოდება გამოძიების დასრულებას, არც მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევას და არც დაცვის პოზიციას. საზოგადოებრივ სივრცეში პასუხი უკვე მზად არის - ვინ არის დამნაშავე, ვინ იტყუება და ვინ უნდა დაისაჯოს.
ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ამ პროცესში საზოგადოებას ხშირად არც აინტერესებს საქმის რეალური გარემოებები. საზოგადოებრივი ინტერესი იშვიათად მიმართულია სიმართლის დადგენისკენ; გაცილებით ხშირად ის მიმართულია საკუთარი პირველი შთაბეჭდილების გამყარებისკენ. როგორც კი ადამიანი ჩამოაყალიბებს პოზიციას, ახალი ფაქტები მისთვის აღარ ხდება სიმართლის ძიების საშუალება - ისინი მხოლოდ უკვე არსებული რწმენის გადასამოწმებელ მასალად იქცევა.
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სოციალურ ქსელებში. კომენტარების დიდი ნაწილი არ შეიცავს არც სამართლებრივ მსჯელობას და არც ფაქტობრივ ანალიზს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები აფასებენ არა მტკიცებულებებს, არამედ საკუთარ ემოციებს. ამიტომაც ერთი და იგივე საქმე შეიძლება ათასობით ადამიანმა ისე განიხილოს, რომ საქმის ერთი ფურცელიც კი არ ჰქონდეს ნანახი.
ასეთ გარემოში უდანაშაულობის პრეზუმფცია სამართლებრივ დოკუმენტში დარჩენილი პრინციპი ხდება, ხოლო საზოგადოებრივ სივრცეში მას პრაქტიკული მნიშვნელობა თითქმის ეკარგება. ადამიანი, რომლის დანაშაულიც ჯერ არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, ხშირად უკვე აღიქმება როგორც დამნაშავე. და რაც უფრო დიდია საზოგადოების ემოციური ჩართულობა, მით უფრო რთულია ამ წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობის შეცვლა.
საქართველოში ამას კიდევ ერთი ფაქტორი ემატება - საზოგადოებაში მკვეთრად გამოხატული დასჯის მოთხოვნა.
ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების ნაწილისთვის მართლმსაჯულების მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ მკაცრი სასჯელის დანიშვნაა. თუ სასამართლო ვინმეს გაამართლებს, ჩნდება ეჭვი, რომ გადაწყვეტილება უკანონოა. თუ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად გირაო გამოიყენება, ეს ხშირად აღიქმება როგორც დაუსაბუთებელი ლმობიერება. თითქოს სამართლიანობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც სასჯელი მაქსიმალურად მკაცრია.
მაგრამ მართლმსაჯულება და დასჯა ერთი და იგივე არ არის.
სასამართლოს მთავარი მოვალეობა არ არის ადამიანის ნებისმიერ ფასად დასჯა. მისი მოვალეობაა დაადგინოს, დაამტკიცა თუ არა სახელმწიფომ ბრალდება კანონით დადგენილი სტანდარტით. თუ ეს სტანდარტი მიღწეული არ არის, გამამართლებელი განაჩენი მართლმსაჯულების მარცხი კი არა, მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
თუმცა პრობლემა მხოლოდ იმაში არ არის, რომ საზოგადოება ხშირად ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებს. პრობლემა ის არის, რომ ეს დასკვნები, როგორც წესი, უკიდურესად ემოციურია. ემოცია კი ყოველთვის ცუდი მრჩეველია მაშინ, როდესაც ადამიანის თავისუფლების, ღირსებისა და მომავლის ბედი წყდება.
საინტერესოა კიდევ ერთი დაკვირვება. სოციალურ ქსელებში ხშირად ერთი და იგივე ადამიანები სრულიად განსხვავებულ საქმეებში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მხარეებს აკრიტიკებენ. ერთ შემთხვევაში მათთვის დამნაშავეა ადვოკატი, რომელიც „კრიმინალს იცავს“. მეორე შემთხვევაში - პროკურორი, რომელიც „შეკვეთას ასრულებს“. მესამე შემთხვევაში - მოსამართლე, რომელიც „ვიღაცის გავლენის ქვეშ არის“. მეოთხე შემთხვევაში - თავად დაზარალებული, რომელსაც „საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“ ბრალდება.
ეს შემთხვევითი არ არის. ხშირად პრობლემა კონკრეტული საქმის შეფასება კი არა, აგრესიის მუდმივი ფონია, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში დამკვიდრდა. ასეთ გარემოში დისკუსია თანდათან იცვლება ურთიერთბრალდებებით, ხოლო არგუმენტს - ემოციური რეაქცია ანაცვლებს.
ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მედიას ეკისრება.
დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის მთავარი ფუნქცია საზოგადოების ინფორმირებაა და არა საზოგადოებრივი განაჩენის ფორმირება. თუმცა პრაქტიკაში ამ ორ ზღვარს შორის განსხვავება ყოველთვის მკაფიო არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პოლიტიკურად მგრძნობიარე ან საზოგადოებისთვის ემოციურად მნიშვნელოვან თემას ეხება.
საქართველოში ტელევიზია დღემდე რჩება საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელების როლი წლიდან წლამდე იზრდება, ტელევიზიას კვლავ შეუძლია რამდენიმე წუთში შექმნას კონკრეტული ნარატივი, განსაზღვროს დისკუსიის მიმართულება და მაყურებლისთვის მიანიშნოს, ვის უნდა ენდოს და ვის - არა.
პრობლემა ის კი არ არის, რომ მედიას საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა აქვს. ეს ბუნებრივია. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ინფორმაცია შეფასებით იცვლება, ხოლო ფაქტები - წინასწარ ჩამოყალიბებული დასკვნებით. ასეთ დროს მაყურებელი ხშირად ვეღარ არჩევს, სად მთავრდება ინფორმაცია და სად იწყება ინტერპრეტაცია.
ამ ყველაფერს საქართველოში კიდევ ერთი გარემოება ართულებს - საზოგადოების მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია.
სამწუხაროდ, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებში არცთუ იშვიათად ადამიანის შეფასება დამოკიდებულია არა იმაზე, რა მტკიცებულებები არსებობს მის წინააღმდეგ ან მის სასარგებლოდ, არამედ იმაზე, თუ რომელ პოლიტიკურ ბანაკთან ასოცირდება იგი. ერთი და იგივე ფაქტი შეიძლება სრულიად განსხვავებულად შეფასდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბრალდებული, დაზარალებული ან მათი ადვოკატები სხვადასხვა პოლიტიკურ გარემოსთან არიან დაკავშირებული.
როდესაც სამართლებრივი შეფასება პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით იცვლება, ზიანდება არა მხოლოდ კონკრეტული საქმე. ზიანდება ნდობა მართლმსაჯულების მთელი სისტემის მიმართ.
საზოგადოებრივი განწყობების ჩამოყალიბებაზე გავლენას კიდევ ერთი, ნაკლებად შესამჩნევი ფაქტორი ახდენს - სოციალური სტერეოტიპები.
საქართველოში ხშირად შეინიშნება უნდობლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ფინანსურად წარმატებულები ან გავლენიანები არიან. გახმაურებულ საქმეში საზოგადოების ნაწილი წინასწარ ვარაუდობს, რომ ასეთ ადამიანს „ფული უშველის“, „კავშირები გადაარჩენს“ ან „სასამართლოზე გავლენა აქვს“. შესაძლოა, ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი ეჭვი საფუძვლიანიც იყოს, მაგრამ სამართლებრივ სახელმწიფოში ეჭვი მტკიცებულებას ვერ ჩაანაცვლებს. სასამართლო ვერ იმსჯელებს ადამიანის ქონებრივი მდგომარეობის, სოციალური სტატუსის ან საზოგადოების დამოკიდებულების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში თანასწორობის პრინციპი მხოლოდ დეკლარაციად დარჩება.
სოციალური ქსელების კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება ის არის, რომ ადამიანები ხშირად კამათობენ არა სიმართლის დასადგენად, არამედ საკუთარი მორალური პოზიციის საჩვენებლად. კომენტარებში ხშირად იგრძნობა სურვილი, საზოგადოებას აჩვენო, რომ შენ უფრო პრინციპული, უფრო პატიოსანი ან უფრო მკაცრი ხარ, ვიდრე სხვები. ასეთ დროს განხილვის ცენტრში კონკრეტული საქმე აღარ არის - ცენტრში თავად კომენტარის ავტორი ექცევა.
შედეგად იქმნება გარემო, სადაც ზომიერი, დაბალანსებული და სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა თითქმის შეუმჩნეველი ხდება, ხოლო ყველაზე ემოციური, ყველაზე მკაცრი და ყველაზე რადიკალური პოზიციები ყველაზე მეტ მხარდაჭერას იღებს.
სწორედ ასეთ პირობებში ჩნდება მთავარი კითხვა: შეუძლია თუ არა სასამართლოს, დარჩეს ამ ხმაურის მიღმა?
რა თქმა უნდა, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს სოციალური ქსელების კომენტარების მიხედვით იღებენ. ასეთი მტკიცების გაკეთება არც სამართლიანი იქნებოდა და არც პასუხისმგებლიანი. თუმცა მეორე უკიდურესობაც არ იქნება რეალისტური - ვიფიქროთ, რომ მოსამართლე სრულიად იზოლირებულია იმ საზოგადოებრივი გარემოსგან, რომელშიც ცხოვრობს.
მოსამართლეც ამავე საზოგადოების წევრია. ისიც უყურებს ტელევიზიას, ისიც ხედავს საინფორმაციო გამოშვებებს, ისიც აწყდება სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიებს. სწორედ ამიტომ სასამართლოს დამოუკიდებლობა მხოლოდ კონსტიტუციური გარანტიებით არ იზომება. დამოუკიდებლობა ყოველდღიური პროფესიული სიმტკიცეა - უნარი, მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ საქმის მასალებზე დაყრდნობით, მაშინაც კი, როდესაც იცი, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილს არ მოეწონება. სწორედ აქ გადის ზღვარი დემოკრატიასა და პოპულიზმს შორის.
დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი აზრი უდავოდ მნიშვნელოვანია. ხელისუფლების არც ერთ შტოს არ აქვს უფლება, სრულად უგულებელყოს საზოგადოება. სასამართლოც ვალდებულია იყოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული - მისი საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე, დასაბუთებული და გასაგები. მაგრამ ანგარიშვალდებულება არ ნიშნავს დამოკიდებულებას. სასამართლოს დამოუკიდებლობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი განწყობის მიხედვით კი არა, კანონისა და მტკიცებულებების საფუძველზე იღებს.
საზოგადოებრივი კონტროლი და საზოგადოებრივი გავლენა ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ.
პირველი აუცილებელია. მეორე - სახიფათო.
საზოგადოებას აქვს უფლება, აკრიტიკოს სასამართლო, განიხილოს მისი გადაწყვეტილებები, მოითხოვოს დასაბუთება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი არგუმენტები. მაგრამ საზოგადოებას არ აქვს უფლება, წინასწარ განსაზღვროს, როგორი უნდა იყოს განაჩენი. იმ მომენტიდან, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას იწყებს ფიქრს იმაზე, როგორ შეხვდება ამას საზოგადოება, იგი თანდათან კარგავს თავის მთავარ ფუნქციას.
სასამართლოს ყველაზე დიდი გამოცდა სწორედ მაშინ იწყება, როდესაც კანონი და საზოგადოებრივი მოლოდინი ერთმანეთს აღარ ემთხვევა.
მარტივია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც ყველა ტაშით შეხვდება. გაცილებით რთულია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კანონს სრულად შეესაბამება, მაგრამ საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია. სწორედ ასეთ მომენტებში ირკვევა, რამდენად დამოუკიდებელია მართლმსაჯულება.
დამოუკიდებელი სასამართლო არ არის ის, რომელიც ყოველთვის საზოგადოების სურვილს ასრულებს. დამოუკიდებელი სასამართლო არის ის, რომელსაც შეუძლია საზოგადოებას უთხრას: „არა“. არა იმიტომ, რომ საზოგადოება ყოველთვის ცდება, არამედ იმიტომ, რომ მართლმსაჯულება უმრავლესობის ემოციებზე ვერ იქნება დამოკიდებული.
სისხლის სამართლის პროცესში ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას.
თუ ბრალდების სტანდარტი ვერ დაკმაყოფილდა, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს, მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმეა ბრალდება ან რამდენად დიდია საზოგადოებრივი აღშფოთება. თუ აღკვეთის ღონისძიებისათვის კანონი პატიმრობის აუცილებლობას არ ხედავს, სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს პატიმრობა მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოება ამას ელოდება. თუ მტკიცებულება კანონის დარღვევით არის მოპოვებული, ის დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, მაშინაც კი, თუ ამან შესაძლოა ბრალდების საქმე მნიშვნელოვნად დაასუსტოს.
სწორედ ასეთ შემთხვევებში მოწმდება, არის თუ არა სასამართლო მართლაც დამოუკიდებელი.
სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში არაერთხელ შექმნილა შთაბეჭდილება, რომ გახმაურებულ საქმეებში სასამართლოს წინაშე მხოლოდ ერთი კითხვა აღარ დგას - „რას მოითხოვს კანონი?“ მას თითქოს მეორე კითხვაზეც უწევს პასუხის ძებნა - „როგორ შეხვდება ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება?“
თუ მართლმსაჯულების განხორციელებისას ეს მეორე კითხვა პირველზე მნიშვნელოვანი ხდება, სამართლებრივი სახელმწიფო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება.
სასამართლო არ არის შექმნილი იმისათვის, რომ საზოგადოებრივი უკმაყოფილება მართოს. მისი დანიშნულება არც პოლიტიკური კრიზისების განმუხტვაა და არც მედიასივრცეში მიმდინარე კამათის დასრულება. სასამართლოს ერთადერთი ლეგიტიმური ამოცანაა, დაადგინოს, დაამტკიცა თუ არა სახელმწიფომ ბრალდება იმ სტანდარტით, რომელსაც კანონი მოითხოვს.
შეიძლება ეს გადაწყვეტილება არაპოპულარული იყოს. შეიძლება მან საზოგადოების ნაწილის აღშფოთებაც კი გამოიწვიოს. მაგრამ სწორედ ასეთ მომენტებში წყდება, ემსახურება თუ არა სასამართლო სამართალს, თუ მხოლოდ საზოგადოებრივი განწყობების ანარეკლად იქცა.
ისტორია არაერთ მაგალითს გვაძლევს, როდესაც საზოგადოება აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ადამიანის დამნაშავეობაში, თუმცა წლების შემდეგ სწორედ ის ადამიანები გამართლდნენ, ხოლო მართლმსაჯულების სისტემამ საკუთარი შეცდომა აღიარა. ეს შემთხვევები მხოლოდ ისტორიული კურიოზები არ არის. ისინი გვახსენებენ, რომ საზოგადოებრივი დარწმუნებულობა და სამართლებრივი სიმართლე ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.
ამიტომ დამოუკიდებელი სასამართლო ზოგჯერ ვალდებულია დაიცვას ადამიანი არა მხოლოდ სახელმწიფოსგან, არამედ საზოგადოების ნაჩქარევი განაჩენისგანაც.
დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი აზრი ფასდაუდებელია. სწორედ ის განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს, აკონტროლებს ხელისუფლებას და აიძულებს ინსტიტუტებს, იყვნენ ანგარიშვალდებულნი საზოგადოების წინაშე. მაგრამ არსებობს ერთი ინსტიტუტი, რომლის მთავარი ვალდებულება საზოგადოებრივი აზრის მიყოლა კი არა, მისგან დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა. ეს სასამართლოა.
საზოგადოებას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება. აქვს უფლება, გააკრიტიკოს სასამართლო, გამოხატოს აღშფოთება, მოითხოვოს პასუხები და მოელოდეს სამართლიან გადაწყვეტილებას. თუმცა საზოგადოებრივ მოლოდინს ვერ ექნება იმაზე მეტი ძალა, ვიდრე კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლმსაჯულება თანდათან დაკარგავს თავის არსს და სამართლის ნაცვლად საზოგადოებრივი განწყობების ანარეკლად გადაიქცევა.
ისტორია არაერთხელ გვახსენებს, რომ ყველაზე ხმამაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნა ყოველთვის ყველაზე სამართლიანი არ არის. უმრავლესობა შეიძლება ცდებოდეს, მედია შეიძლება ცდებოდეს, სოციალური ქსელები შეიძლება ცდებოდნენ. სწორედ ამიტომ არსებობს სასამართლო და არა იმისთვის, რომ საზოგადოების ემოციებს იურიდიული ფორმა მისცეს, არამედ იმისთვის, რომ ემოციის ადგილას კანონი დააყენოს.
სასამართლოს დამოუკიდებლობა მაშინ არ მოწმდება, როდესაც მისი გადაწყვეტილება საზოგადოების სურვილს ემთხვევა. მისი ნამდვილი გამოცდა იწყება მაშინ, როდესაც კანონი საზოგადოების მოლოდინისგან განსხვავებულ პასუხს მოითხოვს. ასეთ დროს მოსამართლეს არჩევანი აქვს არა პოპულარობასა და არაპოპულარობას შორის, არამედ სამართალსა და ზეწოლას შორის.
საბოლოოდ, კითხვა მხოლოდ სასამართლოს არ ეხება. ის თითოეულ ჩვენგანსაც გვეკუთვნის. გვინდა ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც ხმამაღალი საზოგადოების სურვილს მიჰყვება, თუ ისეთი სასამართლო, რომელიც კანონს მაშინაც იცავს, როდესაც ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს?
რადგან ერთ დღეს საზოგადოების ემოცია შეიძლება სხვის წინააღმდეგ იყოს მიმართული. მაგრამ მეორე დღეს, შესაძლოა, ეს ემოცია ჩვენც შეგვეხოს. სწორედ მაშინ გავიგებთ დამოუკიდებელი სასამართლოს ნამდვილ ფასს. სამართლებრივი სახელმწიფო იწყება იქ, სადაც ადამიანის ბედი არა საზოგადოების განწყობით, არამედ მხოლოდ კანონის, მტკიცებულებებისა და სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება.


