ადამიანის ბუნებრივი რეაქცია, როდესაც მას დანაშაულთან დაკავშირებით კითხვებს უსვამენ, ხშირად მარტივია: „მე არაფერი დამიშავებია, ამიტომ ყველაფერს ავხსნი“.
სწორედ აქ შეიძლება დაიწყოს პრობლემა.
უდანაშაულობა არ ნიშნავს, რომ გამოძიებასთან საუბარი ყოველთვის უსაფრთხოა. სისხლის სამართლის საქმე ეფუძნება არა იმას, რაც რეალურად მოხდა, არამედ იმას, რისი დადგენაც საქმეში არსებული და კანონით დასაშვები მტკიცებულებებით არის შესაძლებელი.
ადამიანმა შეიძლება სრულიად გულწრფელად უპასუხოს კითხვებს, მაგრამ შეცდეს დროში, ვერ გაიხსენოს რომელიმე დეტალი, მოგვიანებით გაიხსენოს ახალი გარემოება ან ერთი და იგივე მოვლენა განსხვავებული სიტყვებით აღწეროს. შემდგომში ასეთი განსხვავებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი ჩვენების სანდოობის წინააღმდეგ.
ზოგჯერ საფრთხეს არც კი წარმოადგენს პირდაპირი აღიარება. მაგალითად, ფრაზით: „იქ ვიყავი, მაგრამ ჩხუბში მონაწილეობა არ მიმიღია“, ადამიანი უარყოფს დანაშაულს, თუმცა ამავე დროს ადასტურებს შემთხვევის ადგილზე ყოფნას. ეს გარემოება კი შესაძლოა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ფაქტი გახდეს. ასევე გახდეს შეუტყობინებლობისთვის ბრალდების საფუძველიც!
სწორედ ამიტომ არსებობს დუმილის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება და უარი თქვას კითხვებზე პასუხის გაცემაზე. კანონი ასევე პირდაპირ ადგენს, რომ დუმილის უფლების გამოყენება არ შეიძლება შეფასდეს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
ამიტომ დუმილი დანაშაულის აღიარება არ არის.
ეს არის ადამიანის უფლება, არ შექმნას საკუთარი სიტყვებით მტკიცებულება საკუთარი თავის წინააღმდეგ.
ეს არ ნიშნავს, რომ ბრალდებულმა ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს დუმილი. კონკრეტულ საქმეში ჩვენების მიცემა შეიძლება დაცვისთვის მნიშვნელოვანიც იყოს, მაგრამ გადაწყვეტილება, ილაპარაკოს თუ არა ადამიანმა, განსაკუთრებით გამოძიების საწყის ეტაპზე, არ უნდა მიიღებოდეს ემოციურად და ადვოკატთან კონსულტაციის გარეშე.
ადამიანმა შეიძლება ზუსტად იცოდეს, რომ უდანაშაულოა, მაგრამ არ იცოდეს, რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას, რა სამართლებრივი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მის პასუხს და როგორ შეიძლება მისი სიტყვები შემდგომში იქნეს გამოყენებული.
უდანაშაულო ადამიანს შეიძლება არაფერი ჰქონდეს დასამალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არაფერი აქვს დასაცავი.




