გადასვლა მთავარ შიგთავსზე

შპს-ის მინორიტარი პარტნიორის უფლება დივიდენდის მიღებაზე და მისი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები

გამოქვეყნდა ·

შპს-ის მინორიტარი პარტნიორის უფლება დივიდენდის მიღებაზე და მისი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს შორის ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია საზოგადოების მიერ გენერირებული მოგების განაწილების საკითხი. აღნიშნული კონფლიქტი განსაკუთრებით პრობლემატური ხდება, როდესაც საზოგადოება წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და რეგულარულად იღებს მოგებას, თუმცა პარტნიორთა უმრავლესობა უარს აცხადებს დივიდენდის განაწილებაზე და მიღებული მოგების მთლიანად საზოგადოებაში დატოვებას ამჯობინებს. მსგავსი გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, შეიძლება განპირობებული იყოს საზოგადოების ეკონომიკური ინტერესებით, განვითარების საჭიროებითა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა მნიშვნელოვნად ზღუდავდეს მინორიტარი პარტნიორის ქონებრივ ინტერესებს და ფაქტობრივად ართმევდეს მას პარტნიორობის ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

დივიდენდი წარმოადგენს საზოგადოების მიერ მიღებული მოგების იმ ნაწილს, რომელიც პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე ნაწილდება პარტნიორებს შორის. შესაბამისად, დივიდენდის მიღების უფლება მჭიდროდ უკავშირდება პარტნიორის ქონებრივ უფლებებს და წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებაში მონაწილეობის ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ მიზანს. აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება და კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის უფლება. პარტნიორის მიერ საზოგადოების წილის შეძენისთანავე წარმოეშობა მისი ზოგადი უფლება მიიღოს დივიდენდი, თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს საზოგადოების მიერ მიღებული ნებისმიერი მოგებიდან მოითხოვოს წილის პროპორციული დივიდენდი.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 145-ე მუხლის თანახმად, შპს-ის ხელმძღვანელი ორგანო ფინანსური ანგარიშგების მონაცემების გათვალისწინებით ამზადებს დივიდენდის განაწილების შესახებ წინადადებას და მას პარტნიორებს წარუდგენს. ამასთან, ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია წარადგინოს საზოგადოების გადახდისუნარიანობის შესახებ განცხადებაც, რომლითაც დასტურდება, რომ დივიდენდის განაწილების შემდეგ საზოგადოება მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას.

დივიდენდის განაწილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პარტნიორები იღებენ. სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წარმოეშობა პარტნიორს კონკრეტული დივიდენდის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, მოგების არსებობა და დივიდენდის განაწილების შესახებ პარტნიორთა გადაწყვეტილება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, თუმცა ურთიერთდაკავშირებული წინაპირობებია. აღნიშნული მოწესრიგება ემსახურება ორი ინტერესის დაბალანსებას: ერთი მხრივ, პარტნიორის უფლებას მიიღოს საზოგადოების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სარგებელი და, მეორე მხრივ, საზოგადოების ინტერესს შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა და განაგრძოს სამეწარმეო საქმიანობა. მიუხედავად ამისა, დივიდენდის განაწილების საკითხზე პარტნიორთა გადაწყვეტილების თავისუფლება არ უნდა განიმარტოს როგორც შეუზღუდავი დისკრეცია. იგი ექვემდებარება კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვის პრინციპებს.

მაჟორიტარი პარტნიორების მხრიდან დივიდენდის განაწილებაზე უარის თქმა თავისთავად არ წარმოადგენს უკანონო მოქმედებას. საზოგადოების მოგების რეინვესტირება შესაძლოა გამართლებული იყოს თავად საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგალითად ახალი პროექტების განხორციელებით, ბიზნესის გაფართოებით ფინანსური ვალდებულებების შესრულებით ან ეკონომიკური რისკების შემცირებით. თუმცა განსხვავებული სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს შემთხვევას, როდესაც საზოგადოების მოგების განაწილებაზე უარი არ ეფუძნება რეალურ ეკონომიკურ საჭიროებას და მისი ხანგრძლივი პრაქტიკა მინორიტარი პარტნიორის ინტერესების მნიშვნელოვან შეზღუდვას იწვევს. მაგალითად, როდესაც საზოგადოება სამი ან მეტი წლის განმავლობაში რეგულარულად იღებს მოგებას, გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი, არ აქვს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც დივიდენდის განაწილებას შეუძლებელს გახდიდა, მაგრამ უმრავლესობის პარტნიორები ყოველწლიურად უარს აცხადებენ დივიდენდის განაწილებაზე, წარმოიშობა საკითხი მათი გადაწყვეტილების კეთილსინდისიერებისა და მიზანშეწონილობის შესახებ. ამასთან, უმრავლესობის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დასადგენად აუცილებელი არ არის მხოლოდ იმის მტკიცება, რომ უმრავლესობის პარტნიორები პირადად იღებენ საზოგადოებისგან ფინანსურ სარგებელს. შეფასების საგანი შეიძლება იყოს თავად გადაწყვეტილების მიღების მიზანი, მისი ეკონომიკური დასაბუთება და გავლენა მინორიტარი პარტნიორის უფლებებზე.

ამრიგად, უმრავლესობის პრინციპი უნდა დაბალანსდეს პარტნიორთა უფლებების დაცვის მოთხოვნასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინორიტარი პარტნიორის მონაწილეობა საზოგადოებაში შესაძლოა ფორმალურ ხასიათს ატარებდეს და მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რეალურად მიიღოს სარგებელი საკუთარი ინვესტიციიდან.

დივიდენდის განაწილების საკითხზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებას საქმეზე №ას-1546-2023. აღნიშნულ დავაში მოსარჩელე პარტნიორი ითხოვდა საზოგადოებისგან მიუღებელი დივიდენდის დაკისრებას. სასამართლომ განმარტა, რომ დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას განეკუთვნება და საზოგადოების მიერ მოგების მიღება ავტომატურად არ წარმოშობს მისი პარტნიორებზე განაწილების ვალდებულებას.

თუმცა, უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი დათქმა გააკეთა, რომლის მიხედვითაც სასამართლო უფლებამოსილია ჩაერიოს პარტნიორთა კრების დისკრეციის ფარგლებში, როდესაც მაჟორიტარი პარტნიორების მხრიდან ადგილი აქვს უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად გამოყენებას, პარტნიორის უფლებების განზრახ უგულებელყოფას ან დისკრეციის ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული განმარტება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მინორიტარი პარტნიორის დაცვის თვალსაზრისით. იგი ადასტურებს, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება არ არის სასამართლო კონტროლისგან სრულად თავისუფალი და მისი კანონიერება შეიძლება შეფასდეს კეთილსინდისიერებისა და უფლებამოსილების სათანადო გამოყენების პრინციპების საფუძველზე.

იმ პარტნიორისთვის, რომელსაც დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში სურს საკუთარი უფლებების დაცვა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოების მოგების არსებობის მტკიცება, არამედ უმრავლესობის მხრიდან უფლებამოსილების არამართლზომიერად გამოყენების გარემოებების გამოვლენაც.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს-ის პარტნიორთა უმრავლესობის უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საზოგადოების მოგების განაწილების საკითხი, წარმოადგენს კორპორაციული მართვის აუცილებელ ელემენტს. თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება არ შეიძლება განიმარტოს როგორც შეუზღუდავი დისკრეცია, რომელიც უმრავლესობის პარტნიორებს საშუალებას მისცემს განუსაზღვრელი ვადით უგულებელყონ მინორიტარი პარტნიორის ქონებრივი ინტერესები. სასამართლო უფლებამოსილია ჩაერიოს პარტნიორთა გადაწყვეტილებაში, როდესაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაფუძნებულია დისკრეციული უფლების ბოროტად გამოყენებაზე, არაკეთილსინდისიერია და განზრახ აზიანებს მინორიტარი პარტნიორის ინტერესებს.

ავტორი: ონისე ადამია

დაბრუნება: სტატიები

დაკავშირებული საქმეები

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე