გადასვლა მთავარ შიგთავსზე

საბაჟო წესების დარღვევის საქმეზე გამოძიება შეწყდა

გამოქვეყნდა ·

საბაჟო წესების დარღვევის საქმეზე გამოძიება შეწყდა

ნემსიწვერიძის საადვოკატო ბიუროს მმართველი პარტნიორი, ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე, იცავდა უცხო ქვეყნის მოქალაქის ინტერესებს, რომლის მიმართაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობდა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის გათვალისწინებული იყო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, 5-დან 7 წლამდე ვადით.

გამოძიების ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საზღვარგარეთიდან შეკვეთილი პროფესიონალური აპარატურის საბაჟო დეკლარაციაში განზრახ მიუთითა რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები ფასი, რითაც ცდილობდა საბაჟო გადასახადის გადახდისთვის თავის არიდებას.

დაცვის მხარე გამოძიების დაწყებიდანვე ამტკიცებდა, რომ დეკლარაციაში არასწორი მონაცემების მითითება გამოწვეული იყო შეცდომით, რომლის ერთ-ერთ მიზეზსაც პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობა წარმოადგენდა. კლიენტს არ ჰქონია საბაჟო ვალდებულებებისგან თავის არიდების განზრახვა. შესაბამისად, მის ქმედებაში არ არსებობდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის აუცილებელი სუბიექტური ელემენტი, დანაშაულებრივი განზრახვა.

ადვოკატის მონაწილეობით დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტში. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულმა მტკიცებულებებმა დაადასტურა დაცვის მხარის პოზიცია, რომ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების მითითება წარმოადგენდა შეცდომას და არა განზრახ ჩადენილ დანაშაულს.

საბოლოოდ, ბრალდების მხარემ გაიზიარა დაცვის პოზიცია და საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გარეშე გამოძიება შეწყდა.

აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის პროცესში შეცდომისა და განზრახ ჩადენილი დანაშაულის ერთმანეთისგან გამიჯვნა, აგრეთვე ადვოკატის აქტიური მონაწილეობა გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე.

დაბრუნება: ქეისები

დაკავშირებული საქმეები

გჭირდებათ კონსულტაცია?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — შევაფასებთ პერსპექტივას და შემოგთავაზებთ ნაბიჯებს.

ჩაეწერე კონსულტაციაზე