Posted სექ 2024
ბრალდებულ ო.ს.-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ბრალდებულის ინტერესებს იცავდა ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.
ბრალდების მხარეს მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი ჰქონდა ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის განმახორციელებელი პოლიციელების ჩვენებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული ტრასოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დანა, რომელიც ბრალდებულისგან ამოიღეს, ცივი იარაღის კატეგორიას განეკუთვნებოდა.
დაცვის მხარე არ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ დანა ბრალდებულს ეკუთვნოდა და არც ჩხრეკის ან ამოღების კანონიერებას ხდიდა სადავოდ. თუმცა, ჩვენი არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ დანა, რომლის ცივ იარაღად მიჩნევაც ბრალდებას სურდა, იყო პატარა ზომის და მრავალი საყოფაცხოვრებო ფუნქცია გააჩნდა. ამის გამო, გამოძიების ეტაპზე ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ დანიშნა ალტერნატიული ექსპერტიზა, რათა დადგენილიყო, იყო თუ არა ეს დანა ნამდვილად ცივი იარაღი.
ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანა არ მიეკუთვნებოდა ცივი იარაღის კატეგორიას და, სინამდვილეში, წარმოადგენდა მულტი-ფუნქციურ საყოფაცხოვრებო დანას, რომელსაც არ გააჩნდა ცივი იარაღისათვის საჭირო ნიშან-თვისებები.
საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და ბრალდებული ო.ს. უდანაშაულოდ ცნო.