Posted Sep 2024
არასრულწლოვან გ.გ.-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანება) და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ქურდობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის).
ბრალდების მხარის ვერსიით, არასრულწლოვანმა დანის გამოყენებით დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რის შემდეგაც დაუდგენელ პირებთან ერთად ერთ-ერთ ქსელურ სუპერმარკეტში ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელს.
გ.გ.-ს ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები ბექა ნემსიწვერიძე და ვასილ მამულაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქმის გამოძიება პირველივე დღიდან მიმდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევებით, რაც გამოიხატებოდა არასრულწლოვნის დაცვის უფლების შეზღუდვაში, მტკიცებულებების გაყალბებასა და ჩვენებების მიცემის იძულებაში.
მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ იძლეოდა გ.გ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის საფუძველს, ძველი თბილისის რაიონულმა პროკურატურამ მაინც წარუდგინა მას ბრალდება და საქმე განსახილველად გადასცა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
პროკურატურა ამტკიცებდა, რომ არასრულწლოვნის ბრალეულობა დაჭრის ეპიზოდში დასტურდებოდა დაზარალებულისა და მისი მეგობრის ჩვენებებით, ასევე ამოცნობის ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით. ქურდობის ეპიზოდში კი ვიდეო ჩანაწერით და მაღაზიის კონსულტანტის ჩვენებით.
სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ შეძლო ეჩვენებინა, რომ დაზარალებულისა და მისი მეგობრის ჩვენებები იმდენად წინააღმდეგობრივი და არაზუსტი იყო, რომ მათი მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელი იქნებოდა. ამასთან, გამოიკვეთა, რომ ამოცნობა, რომელიც ბრალდების მხარის ვერსიით ადასტურებდა გ.გ.-ს ბრალეულობას, ჩატარდა კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით, რის გამოც მისი მტკიცებულებად გამოყენება შეუძლებელი იყო. ქურდობის ეპიზოდში წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი კი იმდენად ცუდი ხარისხის აღმოჩნდა, რომ მასზე ვერ ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და პირების იდენტიფიცირება, რაც ასევე სხვა მტკიცებულებებითაც ვერ განხორციელდა.
მტკიცებულებების გამოკვლევისას გამოიკვეთა სხვა არაერთი არსებითი კანონდარღვევა, რამაც საბოლოოდ სასამართლო დაარწმუნა, რომ ბრალდება გ.გ.-ს წინააღმდეგ ვერ დასტურდებოდა. შესაბამისად, გ.გ. გამართლდა ორივე წარდგენილ ბრალდებაში.